მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა გიორგობა კახში იზეიმეს
07.05.2024
1 / 23


6 მაისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობის წმინდანის, საქართველოს მფარველი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გიორგობის დღესასწაულს - 6 მაისს და 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის, საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები ტრადიციულად, კახის რაიონში, თანამემამულეებთან ერთად ზეიმობენ.

დღევანდელ ზეიმს განსაკუთრებული  დატვირთვა აქვს, რადგან გიორგობა მაცხოვრის ბრწინვალე აღდგომის მეორე დღეს, ბრწყინვალე შვიდეულში აღინიშნება.

თავდაპირველად, დელეგაციის წევრები კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა თეოდორემ (ჭუაძე) და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა მღვდელმა პეტრემ (ხუმარაშვილი) აღავლინეს.

წირვის დასრულების შემდგომ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  მრევლს საჩუქრად ბიბლია, სახარება და ქართული ხალხური საკრავები გადასცეს.

შემდეგ, ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) პარაკლისი  გადაიხადა კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავში - ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

მოგვიანებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაზე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალას კულტურის ცენტრში შეხვდნენ იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის სოფ. ითითალაში საქართველოდან ჩავიდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი და შეიხი, ფაიგ ნაბიევი.

სოფ. ითითალას ქართველობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო საქართველოდან ჩასულ დელეგაციას და ქართული ფოლკლორული ცეკვითა და სიმღერით მოიწონა თავი.

დელეგაციის წევრები გაესაუბრნენ ადგილობრივ მაცხოვრებელბს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და ქართულ ენაზე თარგმნილი ყურანი და ქართული ხალხური საკრავები გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაიგეგმა ქართულ დიასპორასთან ურთიერთობისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები.






View Larger Map