რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქოში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარემ მილოცვით დაიწყო და პატრიარქს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ზაზა ვაშაყმაძემ პატრიარქს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, ამოცანები და განხორციელებული პროექტები. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ზაზა ვაშაყმაძეს თანადგომა აღუთქვა და სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ პატრიარქს საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს გამოცემები: „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „რელიგიები საქართველოში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
